ლომბარდი და სალომბარდო ურთიერთობები

slide-11ლომბარდი და სალომბარდო ურთიერთობები

სალომბარდო ურთიერთობა წარმოადგენს გირავნობის სპეციალურ სახეს, კერძოდ, სპეციალური დაწესებულება-ლომბარდი აფორმებს  ორ ხელშეკრულებას კლიენტთან:

1. სესხის ხელშეკრულება

კლიენტი სესხულობს გარკვეულ თანხას, რის უზრუნველსაყოთაც იგი ტვირთავს მოძრავ ნივთს სალომბარდო გირავნობით.

2. სალომბარდო გირავნობის ხელშეკრულება

ზოგადად გირავნობის ხელშეკრულების გზით ხდება მოძრავი ნივთის (ან არამატერიალური ქონების) გამოყენება სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რაც აძლევს კრედიტორს უფლებას ყველა სხვა მოვალისაგან უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ ნივთიდან.

მაგ: სესხის უზრუნველსაყოფად მანქანაზე გირავნობის ხელშეკრულების დადება, გულისხმობს იმას, რომ თუ მოვალემ სესხი არ დააბრუნა, მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილია გირაოში ჩადებული მანქანის რეალიზაციის გზით დაიმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ახასიათებს აქცესორული ბუნება, რაც ნიშნავს იმას, რომ, იგი მთლიანად დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულებაზე და არა პირიქით.

მაგ: თუ სესხის ხელშეკრულება შეწყდა ან გაბათილდა, წყდება/ბათილდება ასევე  გირავნობის ხელშეკრულება. თუმცა თუ გირავნობა შეწყდა/გაბათილდა, მაშინ სესხის ხელშეკრულება კვლავ ძალაში დარჩება და არანაირი ეფექტი არ ექნება გირავნობის შეწყვეტას/გაბათილებას მასზე.

სალომბარდე გირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მოძრავი ნივთის ლომბარდისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით – ლომბარდისათვის ნივთის ფიზიკურად გადაცემით. ზეპირი შეთანხმების შემთხვევაში სალომბარდო გირავნობა არ წარმოიშობა და ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დაიბრუნოს თავისი ნივთი.

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

მაგ: ნიკამ ისესხა ლომბარდისგან 1000 ლარი და უზრუნველყო ლომბარდის მოთხოვნა თავისი მობილური ტელეფონის გირავნობით. თუ იგი არ დააბრუნებს სესხს, ლომბარდი უფლებამოსილია მოახდინოს მობილურის რეალიზაცია, ხოლო თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხა ნაკლებია 1000 ლარზე, ლომბარდის მოთხოვნა მაინც შეწყდება და იგი ვერ მოითხოვს დარჩენილი თანხის გადახდას, თუ გირავნობის ხელშეკრულებაში სხვა რამ არ წერია.