კრიმინალური პოლიცია პლასტიკური ბარათების მფლობელებს აფრთხილებს

484172-cyber-crime

ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, ვირტუალურ სივრცეში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად კრიმინალებმაც გადაინაცვლეს.

კიბერდანაშაული დღეს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს საფინანსო სფეროს უქმნის. რა ვითარებაა საქართველოში კიბერდანაშაულის კუთხით და პრევენციის რა ზომებს უნდა მიმართოს არა მარტო შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ საზოგადოებამ.

ამ პრობლემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ოთარ გადაბაძემ ისაუბრა.

– რამდენად ხშირია საქართველოში კიბერდანაშაულის შემთხვევები და როგორია ზრდის ტენდენცია?

– კიბერდანაშაული კრიმინალის ახალი ტიპია, რაც მთელს მსოფლიოში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი და პროგრესირებადი დანაშაული, შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდა – სამინისტროში ფუნქციონირებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაბამისი დანაყოფი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. ეფექტური ბრძოლის შედეგად კი დღეს ამ დანაშაულის ფარგლებში ბევრი გახსნილი საქმე გვაქვს.

– როგორია დამნაშავეთა ასაკობრივი ზღვარი?

– კიბერდამნაშავეთა უმეტესობის ასაკი 15–დან 30 წლამდე მერყეობს, ისინი კარგად არიან დაუფლებულები თანამედროვე ტექნოლოგიებს, ზოგადად, დამნაშავეთა დიდმა ნაწილმა ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, რადგან ამ სფეროში მათ მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიების საშუალებით შესაბამის აღჭურვილობასაც ადვილად იძენენ, ძალიან მცირე დროში შეუძლია სხვადასხვა ტიპის ოპერაციების შესრულება, მაგალითად, მოპარული ფულის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადარიცხვა. კიბერდამნაშავეები, ნარკობიზნესისა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, ყველაზე შემოსავლიანები არიან.

– რამდენიმე დღის წინ, კრიმინალურმა პოლიციამ კიბერდანაშაულის ბრალდებით შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი ბარის მეპატრონე დააკავა, რომელმაც, მიმტან გოგონასთან ერთად, კლიენტების პლასტიკური ბარათების დაუფლება მოახერხა.  რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება კიბერუსაფრთხოების შესახებ და პრევენციის რა ზომები არსებობს?

– საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობა ამ მიმართულებით ძალიან დაბალია, იმიტომ, რომ ეს არის ახალი ტიპის დანაშაული, რომელიც ყოველდღე იზრდება, პროგრესირდება. პრევენციულ ზომებს რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტო ჩვენი ბრძოლა საკმარისი არ არის, საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იზრუნოს მსგავსი შემთხვევისგან თავდაცვისთვის. პლასტიკური ბარათები შესაბამის ადგილებში მაქსიმალურად ყურადღებით უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, არ გავუშვათ ჩვენი მოქმედების არეალიდან. ჩათვალეთ, რომ პლასტიკური ბარათი არის ჩვენი სახლის გასაღები, რომელიც არავის არ უნდა ვანდოთ.

– საფრთხის შემცვლელი, ძირითადად, რომელი ადგილებია და ყველაზე გავრცელებული რა შემთხვევები გახსენდებათ?

– ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილი, კაფე, მაღაზია ან სხვა ტიპის ობიექტი, სადაც  უნაღდო ანგარიშსწორებაა შესაძლებელი. ბარათის მონაცემების უკანონო მოპოვება ძალიან გავრცელდა მომსახურე პერსონალის მხრიდან, რომლებიც, ბარათის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, მათ ფოტოგრაფირებას ახდენენ და მონაცემებს არალეგარული ტრანზაქციებისთვის იყენებენ. არის ასეთი მეთოდიც, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ცხელ კვალზე გავხსენით საქმე, ერთ–ერთი ბარის საქმე, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ. მიმტანი გოგონა, რომელსაც უშუალოდ შეხება ჰქონდა კლიენტების პლასტიკურ ბარათებთან, შეუმჩნევლად ატარებდა მათ ე.წ. რიდერზე – წამკითხავზე, რომელიც ბარათის მაგნიტური ზოლიდან იმახსოვრებს ინფორმაციას, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი ტექნიკური საშუალებით, რაითერით ანუ ჩამწერით ახდენდა მათ მიერ მოპოვებული მონაცემების გადატანას ცარიელ პლასტიკურ ბარათებზე. ფულის გასანაღდებლად მათ უკვე დამზადებული ჰქონდათ რამდენიმე ყალბი ბარათიც. რადგან საქმე ოპერატიულად გაიხსნა, ზარალი მხოლოდ 1 400 ლარი დაფიქსირდა.

მოსახლეობამ უსაფრთხოება ბანკომატებთანაც უნდა დაიცვას. იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ბანკომატზე უკანონოდ დამაგრებულ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც ცნობილია „სკიმერის“ სახელით. ეს მოწყობილობა შედგება ორი ნაწილისგან – ერთი მონტაჟდება უშუალოდ ბარათის ჩასადებ ჭრილთან, ხოლო მეორე – ბანკომატის მონიტორის თავზე და ბარათის მაგნიტურ მოლზე განთავსებულ ინფორმაციას იმახსოვრებს. პრობლემას წარმოადგენს ასევე ინტერნეტკაზინოები და ინტერნეტკაფეები. ინტერნეტკაზინოების შემთხვევაში ჰაკერები ამზადებენ ოფიციალური ვებგვერდის ანალოგს, რომელზეც შეიძლება მომხმარებელი შევიდეს  და თანხაც გადარიცხოს, ინტერნეტკაფეებში კი, იგივე ონლაინკაზინოს მომხმარებელთათვის ხდება ვირუსული ქსელის შექმნა, რომელიც კლავიატურაზე აკრეფილ ნებისმიერ ინფორმაციას იმახსოვრებს და ჰაკერთან აგზავნის.

– როგორ ებრძვიან შესაბამისი სამსახურები კიბერდანაშაულს?

– კიბერდანაშაული, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული, რის წინააღმდეგაც გლობალური ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენ მჭიდრო კავშირები გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაულის მხრივ ზრდის ტენდენცია გვაქვს, საქართველო ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაში არ არის,  პირიქით, ამ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებზეც კი ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კიბერდანაშაულს ჩვენ მომზადებული შევხვდით.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email