იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლა

house-keys-mortgage-loan-nki

იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლა

იპოთეკარის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან. მას ამის გაკეთება რამდენიმე სხვადასხვა გზით შეუძლია.

ამ სტატიაში შევეხებით ერთ-ერთ ასეთ საშუალებას, რასაც წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობა.

იმისათვის, რომ იპოთეკარმა იპოთეკის საგანი საკუთრებაში მიიღოს უნდა არსებობდეს რამდენიმე  პირობის ერთობა:

ა) იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესახებ პირობა.

ბ) იპოთეკით დატვირთლი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარმა და უძრავი ქონების მესაკუთრემ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს, რის საფუძველზეც მოხდება იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემა.

მაგ: ნიკამ ასესხა მარიამს ასი ათასი დოლარი, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მარიამის სამ ორთახიანი ბინა. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეებმა განსაზღვრეს პირობა, რომ მარიამის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მისი ბინა გადავიდოდა ნიკას საკუთრებაში.

მარიამმა ვერ გადაიხადა ვალი. ნიკა და მარიამი მივიდნენ საჯარო რეესტრში და ერთობლივი განცხადების საფუძველზე ნიკას საკუთრებაში გადავიდა მარიამის ბინა.

სასამართლო პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ხშირ შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრე ასე მარტივად არ თმობს ბინას და უარს აცხადებს რეესტრში ერთობლივი განცხადების წარდგენზე. ამ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს ბინის მის საკუთრებაში გადაცემა.

საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ნოტარიუსის მეშვეობით მოხდეს იპოთეკის საგნის იპოთეკარისათვის გადაცემის იძულებითი უზრუნველყოფა. ამისათვის საჭიროა:

ა) იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.

ბ) იპოთეკის ხელშეკრულებაშივე უნდა იყოს განსაზღვრული იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოვალე არ შეასრულებს ვალდებულებას, ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს აღსრულების ფურცელი.

გ) იპოთეკის ხელშეკრულება უნდა იქნეს შედგენილი ნოტარიული საჯარო აქტით.

მაგ: ზემოთ მოყვანილი მაგალითი, რომ ავიღოთ თუ სამივე ეს პირობა დაცულია, მაშინ ნიკა უფლებამოსილი იქნება მივიდეს ნოტარიუსთან და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სასამართლოს გარეშე და შემდეგ უკვე აღნიშნული საბუთით მოახდინოს მარიამის ბინის საკუთრებად რეგისტრაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად ის გარემოება, რომ თუ იპოთეკის საგანი მოვალის ვალდებულებაზე უფრო მცირე ღირებულების არის, მაშინ ვალდებულება მაინც შესრულებულად ითვლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მხარეების მიერ.

მაგ: მარიამის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება თუ მისი ბინა ასი ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების არის (ვალის ოდენობაზე ნაკლები), თუ იპოთეკის ხელშეკრულებით რაიმე სხვაზე არ შეთანხმდნენ მხარეები.

იპოთეკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ მოცემულ ლინკზე.