ზედაპირული შემოწმება
პოლიციელის მიერ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
აღნიშნული ღონისძიება განსხვავდება ჩხრეკისგან, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირზე შემოწმებით და მოიცავს უფრო ღრმა შემოწმებას: ჯიბეების, ტანსაცმლის შიგნით არეების შემოწმებას.
პოლიციელის უფლებამოსილებები
რა შემთხვევაშია პოლიციელი უფლებამოსილი გაარჩეროს პირი, ზედაპირული შემოწმების ჩასატარებლად?
პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;
მაგ: პირი იმყოფება პარლამენტთან, ციხეებთან, სამხედრო ობიექტთან და ა.შ. 20 მეტრის რადიუსში.
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება
ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.
პოლიციელის უფლებამოსილებები
რა შემთხვევაშია პოლიციელი უფლებამოსილი განახორციელოს ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება?
პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:
ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.
ღონისძიების ფორმალური მხარე
პირის ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პოლიციელმა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.
პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.
პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.
პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი.
ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
თუ შეუძლებელია შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, პოლიციელი მათი მონაწილეობის გარეშე ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს.
ჩხრეკის საფუძველი
თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.