ვებ-საიტები და ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-საიტები და ინტელექტუალური საკუთრება

ჩვენი სამყარო ყოველდღიურად სულ უფრო ინტერნეტიზირებული ხდება, ამ ტენდენციას მიყვება ბიზნესიც: მაღაზიების ნაცვლად იხსნება ონლაინ შოპები, დრონები ახორციელებენ შეკვეთის მიტანას, ბლოქჩეინის ტექნოლოგია რევოლუციას ახდენს ფულადი ტრანზაქციების განხორციელების კუთხით და ა.შ.

ამდენად, ცხოვრება იცვლება, შესაბამისად იცვლება მისი მარეგულირებელი წესებიც – კანონმდებლობა, რომელიც ცდილობს მოერგოს შექმნილ რეალობას და ახლებურად დაარეგულიროს ახალი ტიპის ურთიერთობები.

ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ვებ-საიტის მესაკუთრის უფლებებზე და მათი დაცვის საშუალებებზე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლიდან გამომდინარე.

ზოგადი ინფორმაცია

ვებ-საიტის მესაკუთრის დაცვის მთავარ გარანტიებს იძლევა ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის დაცვის მექანიზმებს:

ვებ-საიტის მესაკუთრეს შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა შინაარსის ინტელექტუალური საკუთრება: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, პატენტები, დიზაინის უფლება და სხვა.

აღნიშნული უფლებები ერთიანობაში ქმნის მესაკუთრის ძალაუფლებას ვებ საიტზე, არამატერიალურ ქონებრივ ფასეულობას, რომელიც დაცულია კანონმდებლობით.

ამდენად, თითოეული საიტი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სხვადასხვა დარგით დაცულ ელემენტებს: ლოგოები, დიზაინი, კონტენტი, ვებ-საიტის კოდი, მუსიკა, ვიდეო, სურათები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.

თითოეული ეს ელემენტი დაცულია სხვადასხვა ფორმით, მაგ: სასაქონლო ნიშნის დასაცავად საჭიროა ასეთი ნიშანის რეგისტრაცია, ხოლო საავტორო უფლების საგანი დაცულია რეგისტრაციის გარეშე.

ამავდროულად შესაძლოა რამდენიმე პირს გააჩნდეს სხვადასხვა უფლებები ამ საიტის ცალკეულ ელემენტებზე.

მაგ: საიტის კოდზე საავტორო უფლებები გააჩნდეს პროგრამისტს, დიზაინზე – დიზაინერს, ფოტო-ვიდეო მასალაზე – ფოტოგრაფს და ა.შ.

შესაძლებელია ერთი საგანი სხვადასხვა დაცვის საშუალებით სარგებლობდეს, მაგალითად ვებ-საიტის ლოგო, დაცული იყოს, როგორც სასაქონლო ნიშნით, ასევე საავტორო უფლებებით ან დიზიანით.

საავტორო უფლებები

საავტორო უფლების საგანი ვებ-საიტში შეიძლება იყოს: ფოტო-ვიდეო, დიზაინი, ლოგო, პროგრამული კოდი, ტექსტი და ა.შ.

თითოეული ეს ელემენტი შესაძლებელია დაცული იქნეს საიტზე განთავსების მომენტამდე, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა მათი განთავსება.

მაგ: საიტზე ატვირთული ფოტო დაცულია, ფოტოგრაფის მიერ მისი დაცვის მომენტიდან.

ზოგიერთ ქვეყანაში განსაზღვრულია რეგისტრაციისა და დეპონირების პროცედურა, სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში დეპონირება ნებაყოფლობითია, თუმცა მისი განხორციელება საშუალებას იძლევა უფრო კარგად იქნეს დაცული საავტორო უფლებები, კონკრეტულ საგნებზე.

იმისათვის, რომ საგანი საავტორო უფლებით იქნეს დაცული, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის მნიშვნელოვანია იყოს ორიგინალური.

ვებ-საიტის შექმნისას, უნდა განსაზღვრული გქონდეთ, ხართ თუ არა საიტის მასალებზე, საავტორო უფლების მქონე პირი ან გაქვთ თუ არა შესაბამისი ავტორისგან უფლება გამოიყენოთ ეს მასალები. (ფოტოები, პროგრამები, ვიდეოები, დიზაინი და ა.შ.).

თუ არ ფლობთ საავტორო უფლებებს, დაგჭირდებათ ავტორისგან ლიცენზია, მასალების გამოსაყენებლად, შესაცვლელად და გადასამუშავებლად.

პრაქტიკული თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ქონებრივი და არაქონებრივი საავტორო უფლებები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს.

ქონებრივი უფლებების გადაცემის მიუხედავად, ავტორი ინარჩუნებს არაქონებრივ საავტორო უფლებებს, რომლებიც მოიცავს ავტორად აღიარების უფლებას (მაგ: საიტის footer-ში განსაზღვრა, რომ საიტი დამზადებულია კონკრეტული ავტორის მიერ), ასევე ავტორი უფლებამოსილია აღკვეთოს ნებისმიერი სახით საიტის გადაკეთება.

იხ. მეტი საავტორო უფლებების შესახებ

დასაქმებულები და სუბკონტრაქტორები

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ვებ საიტის დამზადების დროს, დამსაქმებელს წარმოეშობა ქონებრივი საავტორო უფლებები, თუ არ არსებობს შრომის ხელშეკრულება, რომელშიც საწინააღმდეგო წერია.

იგივე ითქმის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში დამზადებული საიტის შემთხვევაში, დამკვეთი იძენს ქონებრივ საავტორო უფლებებს საიტზე, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ წერია.

ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაქმებულისა და შემსრულებლის არაქონებრივი საავტორო უფლებები ხელშეუხებელია, მიუხედავად იმისა თუ ვის ეკუთვნის ქონებრივი საავტორო უფლებები.

საავტორო უფლებების დარღვევა

ვებ-საიტებთან დაკავშირებული საავტორო უფლებების დარღვევა გვაქვს მაშინ, როდესაც საიტის მასალებს იყენებს სხვა, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მათ შორის საიტზე განსათავსებლად ან სხვა ფორმით.

საავტორო უფლებების დარღვევის მტკიცება შედარებით მარტივია, როდესაც მასალების კოპირება ხორციელდება მთლიანად, მათი გადაკეთების გარეშე. სიტუაცია რთულდება, თუ ხორციელდება მასალების კოპირება ნაწილობრივ ან თუ ხორციელდება მათი გადამუშავებული სახით გამოყენება.

ასეთ შემთხვევებში, სასამართლო ყურადღებას აქცევს ხარისხსს და არა რაოდენობას, ანუ საგნის რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტია (ნაწილი) კოპირებული.

საავტორო უფლებები ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვაგვარად ირღვევა:

ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალა –  ნებისმიერ ვებ-საიტზე განთავსებულია უამრავი ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალა (სტატიები, კვლევები, ფოტო კოლაჟები, ვიდეო ანიმაცია და ა.შ) , თითოეული ასეთი ელემენტი წარმოადგენს საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს, შესაბამისად მათ უნებართვო გამოყენება წარმოადგენს მათი ავტორის საავტორო უფლებების შელახვას.

სანამ ასეთ მასალას გამოიყენებთ, უნდა გაგაჩნდეთ ავტორის ნებართვა ან თავად ფლობდეთ საავტორო უფლებებს აღნიშნულ მასალაზე, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ისინი საიტის ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ.

თქვენ ასევე უფლება გაქვთ აუკრძალოთ ნებისმიერ სხვა პირს გამოიყენოს თქვენი საავტორო უფლებით დაცული მასალები, შესაბამისი ნებართვის გარეშე.

პროგრამული კოდი – პროგრამული კოდი, რომლითაც იწერება ვებ-საიტი წარმოადგენს საავტორო უფლებით დაცულ საგანს. მათ შორის დაცულია სხვა კოდის გადაკეთების შედეგად შედგენილი ახალი კოდი.

საიტის პროგრამული კოდის დაცვისთვის მნიშვნელოვანია, ეს კოდი იყოს პროგრამისტის ორიგინალური გამოხატულება და არა სტანდარტული კოდი, რომელიც არაფრით გამოირჩევა.

მონაცემთა ბაზები – საიტზე შეიძლება განსაზღვრული იყოს მონაცემთა ბაზები, რომლებიც აკმაყოფილებენ საავტორო უფლებით დაცული ობიექტის პირობებს, ასეთ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება დაცვა.

ლოგოები და დიზაინის ელემენტები – საავტორო უფლებებით დაცულ საგანთა რიცხვს მიეკუთვნება ლოგოები და დიზაინის ელემენტები, თუ ისინი აკმაყოფილებენ ზოგად მოთხოვნებს, წარმოადგენენ ორიგინალურ და დაცვაუნარიან ობიექტებს.

აღსანიშნავია, რომ ლოგოც და დიზაინიც შესაძლებელია უფრო ძლიერად იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნისა და დიზაინის უფლებით, ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია საქპატენტში, რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ინტერნეტ პატენტები

ევროპაში პროგრამა/პროგრამული უზრუნველყოფა დაცულია საავტორო უფლებით და არა პატენტით, გარდა ისეთი პროგრამებისა, რომლებსაც გააჩნიათ ტექნიკური ეფექტი, ანუ ტექნიკური გავლენა მოწყობილობის/აპარატის ფუნქციონირებაზე.

 აშშ-ში სხვა მიდგომაა, პროგრამები და ბიზნეს მოდელები, დაცულია პატენტით. ამასთან, აშშ-ში უფრო ფართო პატენტუნარიანობა გააჩნიათ, როგორც პროგრამებს, ისე ბიზნეს მეთოდებს.

მაგ: ამაზონის „one click” ტექნოლოგიას მიეცა ბიზნეს მოდელის სტატუსი და გაიცა პატენტი.

საქართველოში შერეული მიდგომაა, ერთი მხრივ არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელბზეც ვრცელდება საავტორო უფლებები და მეორე მხრივ შესაძლებელია პატენტი გაიცეს ისეთ პროგრამებსა და ბიზნეს მოდელებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს საპატენტო კანონს.

დიზაინის უფლება

დიზაინის დაცვა, გარდა საავტორო უფლებებისა, შესაძლებელია დამოუკიდებლად – დიზაინის უფლებით, რომლის წარმოშობისთვის მნიშვნელოვანია საქპატენტში დიზაინის რეგისტრაცია.

დიზაინის უფლების რეგისტრაცია არის დამატებითი დაცვის გარანტიების შექმნა საიტის დიზაინისთვის, როდესაც ექსკუზიურ და მნიშვნელოვან დიზაინს ეხება საქმე, რომელიც გამოიყენება და დიდი მნიშვნელობა მქონეა ბიზნეს საქმიანობაში.

დიზაინის უფლების ობიექტი შეიძლება იყოს: ლოგო, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, საიტის დიზაინი და სხვა.

სასაქონლო ნიშნები

სასაქონლო ნიშნების მიზანია განასხვაოს ერთი მეწარმე ან მისი პროდუქტი, სხვა მეწარმისგან/მისი პროდუქტისგან.

სასაქონლო ნიშანი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცულია მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ვებ-საიტის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ლოგო, კომპანიის სახელწოდება, დომენის სახელი, საიტზე განსაზღვრული დევიზი ან გარკვეული ინიციალები, გრაფიკული გამოსახულებები.

 

სასაქონლო ნიშნით დაცული საგანი შეიძლება ასევე დაცული იყოს სხვა უფლებებითაც, როგორიცაა დიზაინის უფლება და საავტორო უფლებები.

მაგ: გრაფიკული გამოსახულება და ლოგო შესაძლებელია იყოს, როგორც სასაქონლო ნიშანი, ასევე მის შემქმნელს გააჩნდეს საავტორო უფლება მასზე.

დაკავშირებული: რა არის სასაქონლო ნიშანი?

ბოლოსიტყვაობა

ინტელექტუალური საკუთრება არის აქტივი, რომელიც ხშირად ყველაზე ფასეულია ბიზნესისთვის.

ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც გარკვეული ხარისხის შეხება აქვს ინტერნეტთან,  (ვაჭრობს ინტერნეტში, ახორციელებს გარკვეული სახის ტრანზაქციებს, აწარმოებს მარკეტინგს და ა.შ. ) საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ქმედებათა ერთობლიობას საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.

ინტერნეტ სივრცეში ბიზნესის წარმოდგენის მთავარი ელემენტი არის ვებ-საიტი, შესაბამისად მისი დაცვა ყველაზე აქტუალურია.

აღნიშნული მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება ახლო მომავალში, ვინაიდან ინტერნეტი ყოველწლიურად ვითარდება და ბიზნესიც ძალიან სწრაფი ტემპებით ერთვება ვირტუალურ / ციფრულ სამყაროში.

დაკავშირებული: ვებ-საიტების დამზადება