ვადიანი და უვადო სესხის ხელშეკრულება
სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს, ვადიანი ან უვადო. მხარეების მიერ სესხის დაბრუნების ვადაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ითვლება უვადოდ.
ვადიანი სესხის ხელშეკრულება
სესხის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ განსაღვრონ სესხის დაბრუნების ვადა. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი, განსაზღვრული ვადის შესაბამისად.
ზოგადი წესის მიხედვით, როცა სესხის ვადა განსაზღვრულია, გამსესხებელს არ შეუძლია დადგენილ ვადაზე ადრე მოითხოვოს სესხის დაბრუნება.
ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, როცა:
ა) მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე ექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას ან ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა სესხის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ გამსესხებლისთვის აღნიშნული არ იყო ცნობილი სესხის გაცემის დროს.
მაგ: მსესხებელმა დაკარგა სამსახური, იპოთეკით დატვირთა მთლიანი ქონება, ვერ გადაიხადა ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტები და ა.შ.
ბ) მსესხებელმა არ წარმოადგინა ან შეამცირა უზრუნველყოფა.
მაგ: მსესხებელს სესხის უზრუნველყოფისათვის უნდა გაეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება და ეს არ გააკეთა.
მაგ: გარდაიცვალა თავდები, დაიკარგა გირავნობის საგანი და ა.შ.
შეუძლია თუ არა მსესხებელს ვადაზე ადრე დააბრუნოს სესხი?
ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოვყოთ ორი შემთხვევა- როცა სესხი პროცენტიანი და როცა სესხი არ არის პროცენტიანი.
როცა სესხი უპროცენტოა, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დააბრუნოს სესხი, ხოლო როცა სესხი პროცენტიანია, მისი ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
ვადიანი სესხის შემთხვევაში, სესხიც და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული.
უვადო სესხის ხელშეკრულება
უვადო სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში გამსესხებელია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დააბრუნოს სესხი.
ასეთ შემთხვევაში გამსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების მოთხოვნისას, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი მოთხოვნიდან 3 თვის განმავლობაში.