ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა BLH

econtractელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შორის სამართლებრივ ურთიერთობებზეც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თანამედროვე კერძო სამართალში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ხელშეკრულების ელექტრონულად გაფორმება, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხებზე, კერძოდ შევაფასებთ ელექტრონული ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებას საქართველოს კანონმდებლობის ჭრილში.

ელექტრონული ხელშეკრულების შესახებ ძირითადი რეგულაციები ორ სამართლებრივ აქტშია მოცემული: სამოქალაქო კოდექსსა და ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონში.

signing-contract

სამოქალაქო კოდექსის რეგულაციები ხელშეკრულების ფორმის შესახებ

ნებისმიერი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ამდენად, ზოგადი წესის თანახმად ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმადაუცველი ხელშეკრულება არის ბათილი.

ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

ზოგადად ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.წერილობითი ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა. ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ.

pic4ელექტრონული დოკუმენტაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონი, განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემას და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

ელექტრონული დოკუმენტი

ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

მაგ: ელექტრონული დოკუმენტია PDF და doc ფაილები, ასევე Email-ით გაგზავნილი ტექსტი.

ამავე კანონშია მოცმეული მატერიალური დოკუმენტის განმარტება, კერძოდ მატერიალური დოკუმენტია ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ელექტრონული ხელმოწერა

ელექტრონული ხელმოწერა არის ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად;

ელექტრონული ხელმოწერის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ციფრული ხელმოწერა, რომელიც მიიღება ელექტრონულ მონაცემთა კრიპტოგრაფიული გარდაქმნის შედეგად, ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღების გამოყენებით, ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა წინამდებარე ხელშეკრულებაში ჩვენ არ ვისაუბრებთ ციფრული ხელმოწერის შესახებ.

ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა, როდესაც არ არის განსაზღვრული წერილობით ფორმა

როდესაც კანონი ან მხარეთა შეთანხმება არ უთითებს წერილობით ფორმაზე, ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია, ელექტრონული დოკუმენტი გაეგზავნოს მეორე მხარეს, რაც ჩაითვლება ოფერტად, ხოლო მიმღების მხრიდან აქცეპტის (თანხმობის) საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმების შესაბამისად.

მაგ: მომსახურების ხელშეკრულების დასადებად საკმარისია შემსრულებელმა“A”-მ გაუგზავნოს ხელშეკრულების არსებითი პირობების შემცველი PDF ფაილი დამკვეთ „B”-ს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი განახორციელებს აქცეპტს, ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად.

აქცეპტი მოცემულ შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს, როგორც საპასუხო მეილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე “B” თანხმობას გამოხატავს ოფერტში განსაზღვრულ პირობებზე, შესაძლოა აქცეპტი გამოიხატებოდეს სხვადასხვა ქმედებებშიც, როგორიცაა მომსახურების საფასურის ჩარიცხვა, სამუშაო მასალის მიწოდება და ა.შ.

ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა, როდესაც განსაზღვრულია წერილობით ფორმა

ზოგადი წესის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერა (კანონით დადგენილი პროცედურებით) ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ, ანუ ნებისმიერი ელექტრონული ხელშეკრულების შემთხვევაში, რომელიც ციფრული ხელშეკრულებით არის ხელმოწერილი, ითვლება, რომ დაცულია კანონით დადგენილი წერილობითი ფორმა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც პირდაპირ არის მითითებული კანონში. მაგ: თავდებობის ხელშეკრულება დაუშვებელია დაიდოს ამ სახით.

თუმცა თუ არ არის გამოყენებული ციფრული ხელშეკრულება და სახეზეა ორი ან ორზე მეტი პირის შეთანხმება, ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.  (ანუ აღარაა საჭირო სპეციალური პროცედურების დაცვა, რომელიც ციფრული ხელმოწერისთვის არის განსაზღვრული კანონით)

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის დანაწესი, რომლის მიხედვითაც წერიობით ფორმას უტოლდება „სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.“

მაგ: წერილობით ფორმას უტოლდება Email-ების ურთიერთგაცვლა, PDF, doc და სხვა ფაილების ურთიერთგაცვლა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ა.შ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკა ძალიამ მწირეა და გაუბედავი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საქართველოს სასამართლოები შეიმუშავებენ პრაქტიკას, რომელიც სწორედ ასახავს, კანონმდებლის ნებას.

ელექტრონული დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება

სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით.

ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნა და მიღება

თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ელექტრონული დოკუმენტი ითვლება გაგზავნილად იმ მომენტიდან, როდესაც ელექტრონული დოკუმენტი გადის ხელმომწერის კონტროლის არედან და მისი უკან გამოწვევა შეუძლებელია.

თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.