დისტანციური დელეგირება

Organization

დისტანციური დელეგირება

ეფექტიანი დელეგირება წარმოადგენს მენეჯმენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს.

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი მოცულობის სამუშაო ხორციელდება დისტანციურად, ანუ ვირტუალურად.

ასეთი ტენდენციის პირობებში თანამედროვე მენეჯერმა უნდა გამოიუმუშავოს ეფექტიანი დისტანციური დელეგირების ხელოვნება, რის გარეშეც ორგანიზაციის საქმიანობა და მიზნების მიღწევა დროთა განმავლობაში შეუძლებელიც კი გახდება.

წარმოგიდგენთ ეფექტური დისტანციური დელეგირებისთვის საჭირო თვისებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს თანამედროვე მენეჯერს, რათა მან მოახერხოს სხვადასხვა დროსა და სივრცეში მყოფი დაქვემდებარბეული პირების მართვა, ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

1.საქმიანობის პროცესის შეცნობა

შეუძლებელია საქმის ჯეროვნად შესრულება, თუ სრულიად არ გესმის უფროსის მიერ მოცემული მითითებების არსი და მათი დანიშნულება საქმიანობის მთლიან პროცესში.

ადამიანთა უმრავლესობა არ აღიარებს, რომ მათ რაღაც ვერ გაიგეს ან არასწორედ გაიგეს, მათ შესაძლოა მენეჯერს დაუქნიონ თავი და დამაჯერებლად თქვან „გასაგებია“, თუმცა გაივლის კონკრეტული სამუშაოს შესრულების ნახევარი ან მეტი ვადა და შესაძლოა სწორედ მაშინ აღმოჩნდეს, რომ მათ რაღაც არასწორედ ან საერთოდ ვერ გაუგიათ. აღნიშნული განსაკუთრებულად საზიანო შედეგის მომტანია, როდესაც საქმიანობა ხორციელდება დისტანციურად.

ამიტომაც მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს მითითებების გასაგებად მიწოდება და მიწოდებული მითითებების აღქმის ჯეროვნად შემოწმება, რაც საერთო ჯამში განაპირობებს მენეჯერის დაქვემდებარებაში მყოფი პირის მიერ საქმიანობის პროცესის შეცნობას და ეფექტიან შესრულებას.

2.კომუნიკაცია

დისტანციური დელეგირების ეფექტიანად განხორციელება შეუძლებელია, თუ მენეჯერმა არ იცის კომუნიკაციის საშუალებების სწორი გამოყენება, დაქვემდებარებულ პირებთან ურთიერთობის დროს. მან უნდა იცოდეს როდის გამოიყენოს ელექტრონული ფოსტა, როდის დარეკოს ტელეფონზე, გამოიყენოს სმს, ან როდის უნდა დანიშნოს პირადი შეხვედრა, კონკრეტული საკითხების განსახილველად.

კომუნიკაციის არაეფექტურობა არის ყველაზე მძიმე შედეგის მომტანი, როდესაც საქმე ეხება დისტანციურ დელეგირებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, პრობლემური საკითხების აღმოჩენასა და კორექტირებას მიაქვს დიდი დრო.

მენეჯერი უნდა შეეცადოს განახორციელოს ეფექტური კომუნიკაცია, შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, სამუშაოს შესრულების ადრეულ პერიოდში, რათა დარწმუნდეს, რომ დაქვემდებარებულ პირებს ესმით სამუშაოს არსის და მზად არიან განახორციელოს მათთვის დელეგირებული სამუშაო.

3.პროექტის მართვის სისტემების გამოყენება

დისტანციური სამუშაო ეფექტურად ვერ  შესრულდება, თუ ერთიან სისტემაში არ არის მოქცეული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ფაილები და ინფორმაცია.

ამიტომაც, ორგანიზაციის მენეჯერმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს პროექტის მართვის თანამედროვე ელექტრონული სისტემები, როგორიცაა, მაგალითად ASANA, BASECAMP  და ა.შ.

4.ნდობა

ნდობის გარეშე მენეჯერი ვერ იქნება წარმატებული. აღნიშნული განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საუბარი გვაქვს დისტაციურ დელეგირებაზე. დისტანციურად მუშაობისას, მენეჯერი ვერ ჩაუვლის დაქვემდებარებულს მაგიდასთან და ვერ შეამოწმებს მის საქმიანობას. იგი უბრალოდ უნდა ენდოს მას. თუ მენეჯერი არ ენდობა თავისი გუნდის წევრს, მაშინ რატომ უნდა მუშაობდნენ ისინი ერთად?

ამავდროულად მენეჯერმა უნდა გაითავისოს, რომ შესაძლოა დასაქმებულს არ შეუძლია განახორციელოს მთლიანი სამუშაო, თუმცა მას შეეძლოს ეფექტურად განახორციელოს მისი ნაწილი, ასეთ შემთხვევაში ფუნქციების გადანაწილება და სამუშაოს ეფექტურად შესრულების ორგანიზება, მენეჯერის სიძლიერეზე მიუთითებს.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email