დირექტორი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი

CEO-pano_12194დირექტორი, როგორც კომპანიის წარმომადგენელი

ყველა იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით და წესდებით განსაზღვრული მართვის ორგანოები, სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება იურიდიული პირის საქმიანობა.

იურიდიული პირის ორგანო განსაზღვრული უფლებამოსილებითაა აღჭურვილი, რომელთა რეალიზაციას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს.

კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში (შპს, სააქციო საზოგადოება (სს), კოოპერატივი) კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს სპეციალურად შექმნილი ორგანო – დირექტორი/დირექტორატი,რომელიც შეიძლება იყოს, როგორც საწარმოს პარტნიორი, ისე არაპარტნიორი, რომელთა უფლებამოსილების ფარგლები და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება კანონით „მეწარმეთა შესახებ“, საზოგადოების წესდებით და მასთან დადებული ხელშეკრულებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

კანონის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოსვლის უფლებას. პირველი მოიცავს მეორეს, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მაგ: საწარმოს სახელით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო ამავე ხელშეკრულების დადება – წარმომადგენლობითი.

როცა კომპანიას ყავს რამდენიმე დირექტორი, კომპანიის სახელით გარიგების დადებისათვის საკმარისია ნების გამოვლენა ერთ-ერთი დირექტორის მაინც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მაგ: როცა საწარმოს სამი დირექტორი ჰყავს, მათთგან ერთ-ერთის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება კომპანიის სახელით იქნება ნამდვილი.

ზოგიერთ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს წარმომადგენლობის, გარიგების დადების ან განსაზღვრული სახის საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება.

კომპანიის დირექტორების შერჩევა ხდება პარტნიორთა კრებაზე და მათ შესახებ მონაცემები აისახება სამეწარმეო რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, მათ მიერ საზოგადოების სახელით განხორციელებული მოქმედებები სავალდებულოა საზოგადოებისათვის.

კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ თავისი ვალდებულებების არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებებით შეუსრულებლობა გავლენას არ ახდენს გარე სამართლებრივ ურთიერთობებზე. კომპანიასთან ურთიერთობაში დირექტორი ვალდებულია, მოქმედებდეს თავისი უფლებამოვალეობების ფარგლებში ანუ მისი კომპეტენცია შეზღუდულია კანონით, წესდებით ან მასთან დადებული შეთანხმებით. ამ წესების დარღვევა წარმოადგენს მხოლოდ დირექტორის კომპანიასთან მიმართებაში არსებული შიდა ვალდებულებების დარღვევას და წარმოშობს საზოგადოების მხრიდან დირექტორისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. 

მაგ: თუ წესდებით განსაზღვრულია, რომ დირექტორი არ არის უფლებამოსილი კომპანიის სახელით დადოს ხელშეკრულება, რომლის ღირებულება აღემატება 10.000 ლარს, ასეთი ხელშეკრულების დადება მაინც ნამდვილად ჩაითვლება. კომპანია უფლებამოსილი იქნება მხოლოდ ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს დირექტორს, ხოლო ხელშეკრულების ბათილობას იგი ვერ მოითხოვს.

ამდენად, კომპანიის დირექტორის მიერ სამეწარმეო საქმიანობის სფეროში უფლებამოსილების გადაჭარბებით მიღებული გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მესამე პირებთან დადებული გარიგების ნამდვილობაზე და გარიგება ყოველთვის ნამდვილი რჩება, თუნდაც კომპანიის წესდება ამ ტიპის გარიგებისათვის ითვალისწინებდეს კომპანიის მართვის ორგანოების სავალდებულო თანხმობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის (მეორე მხარისთვის) ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე.

იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.

 სამეწარმეო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სამეწარმეო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email