დირექტორის ვალდებულებები

CEO-pano_12194-300x140დირექტორის ვალდებულებები

საწარმოს დირექტორის ვალდებულებები განისაზღვრება: საქართველოს კანონმდებლობით, საწარმოს წესდებით და მათთან დადებული ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამდენად, დირექტორის ვალდებულებები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა:

1) კანონისმიერი ვალდებულებები  – ვალდებულებები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული.

2) გარიგებითი ვალდებულებები- ვალდებულებები, რომლებიც დირექტორს გააჩნია საწარმოს წესდებიდან ან მასთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

კორპორაციის დირექტორებს სამართავად გადაცემული აქვთ  სხვისი (საზოგადოების) ქონება, მათი უპირველესი ვალდებულება სწორედ ამ ქონების დაცვა და ზიანის თავიდან აცილებაა. ამ ვალდებულების დარღვევა დირექტორებისათვის წარმოშობს შიდაკორპორაციულ პასუხისმგებლობას ანუ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას.

იქიდან გამომდინარე, რომ დირექტორებს გადაცემული აქვთ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფართო კომპეტენციები, აუცილებელია მათ დაიცვან კეთილსინდისიერებისა და გულმოდგინედ მართვის მოვალეობები. ამავდროულად ისინი ვალდებულნი არიან მმართველობითი საქმიანობა განახორციელონ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

ამდენად, დირექტორსა და საწარმოს შორის ურთიერთმიმართება გამოხატულია ორ ვალდებულებაში: 1. გულისხმიერებისა (მზრუნველობის) და 2. ერთგულების მოვალეობაში.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დირექტორმა თავისი კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებები უნდა შეასრულოს გულისხმიერებისა და ერთგულების პრინციპების დაცვით, ამ ვალდებულებების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დირექტორთა პირადი პასუხისმგებლობას საწარმოს წინაშე.

1. გულისხმიერების ვალდებულება

გულისხმიერების ვალდებულება გულისხმობს, დირექტორის მოვალეობას იმოქმედოს, როგორც კეთილსინდისიერი ხელმძღვანელი. ანუ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც გონივრულად შეიძლება მოეთხოვებოდეს ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს ამ თანამდებობასა და მსგავს გარემოებებში. აღნიშნული ვალდებულება ხელმძღვანელ პირთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასების საშუალებას იძლევა.

აუცილებელია, მიღებული გადაწყვეტილება ემყარებოდეს ხელმძღვანელი პირის შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმირებულობას და ალტერნატიული შესაძლებლობების გონივრულ გათვალისწინებას.შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღების მიერ იმ პასუხისმგებლობის ბოლომდე გააზრება, რომელიც მას, როგორც საზოგადოების ინტერესების დამცველს აკისრია.

სათანადო გულისხმიერების გარეშე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელი პირები გულგრილად ეკიდებიან იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან. გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორის პასუხისმგებლობისთვის, არ არის აუცილებელი ხელმძღვანელი პირი მოქმედებდეს განზრახ, არამედ საკმარისია გადაწყვეტილების მიმღების მხრიდან  გაუფრთხილებლობის ფაქტის არსებობაც კი.

2. ერთგულების ვალდებულება

ერთგულების ვალდებულება საწარმოს ინტერესების უპირატესობას მიიჩნევს ხელმძღვანელ პირთა მოქმედების პრინციპად. ის მოიცავს როგორც მმართველის ვალდებულებას, განახორციელოს ქმედებები საწარმოს ინტერესების დასაცავად, ასევე მის თავშეკავებას საწარმოს ინტერესების საზიანო ქმედებებისგან.

ერთგულების ვალდებულება მოითხოვს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ საწარმოს ინტერესთა უპირატესობის აღიარებას ყოველგვარ გარეშე ინტერესთან შედარებით, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირის სრულ დამოუკიდებლობას გარეშე გავლენებისგან და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, საწარმოს ინტერესების შესაბამის მოქმედებას.

ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა, თუ:

1. ხელმძღვანელი პირი გარიგების მხარეა,

2. გარიგების მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს ან

3. იცის, რომ მასთან დაკავშირებული პირი გარიგების მონაწილე/არსებითი ინტერესის მქონეა.

ყველა ამ შემთვევაში საფრთხის ქვეშ დგება ხელმძღვანელის მიერ მიუკერძოებელი და საწარმოს ინტერესებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).

თუმცა საზოგადოების წინაშე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მიერ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება დირექტორს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მას არ მიუძღვის ბრალი იმ ზიანის წარმოშობაში, რომელიც მიადგა საზოგადოებას და, რომ იგი მოქმედებდა გულმოდგინე ხელმძღვანელის კეთილსინდისიერებით.

ზიანის მიმყენებელი ქმედების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ამგვარი ქმედების განმახორციელებელ პირს. დაუშვებელია მისი გარიგებით გადასვლა სხვა მესამე პირზე (უფლებამონაცვლეობა). არც კანონი და არც სასამართლო პრაქტიკა ამგვარი პასუხისმგებლობის გადაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ამდენად, დირექტორის მიმართ არსებული, მართსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მის მემკვიდრეზე არ გადადის.

სამეწარმეო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის სამეწარმეო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email