დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება ხვალ იწყება

 

shemosavlebis-samsaxuri-new(1)დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების წარდგენა ხვალიდან დაიწყება.

დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. “სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 %”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მოხდეს დეკლარაციის შევსება. “პირადი ნომრის მითითებით უნდა გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. “ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა “დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ” დეკლარაციის რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299 ან, მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@rs.ge. ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებვერდზე – www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს.

დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, 2012 წლის 20 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების შედეგად გაჩნდა.

ამავე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის მიერ შემუშავებული ინიციატივის შემოღებისას, 2014 წელს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავდა: „თუ ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი, ის ხელზე იღებს ყოველთვიურად 400 ლარს. 500 ლარის 20 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით. წლის ბოლოს ბიუჯეტი ამ ადამიანს 360 ლარს დაუბრუნებს, ე.წ. მე-13 ხელფასის სახით. უხეშად რომ ვთქვათ, პედაგოგი, რომლის ხელფასიც არის 300 ლარი, წლის ბოლოს კიდევ აიღებს 360 ლარს, მაგრამ ეს არ შეეხება მაღალშემოსავლიან ადამიანებს”.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა ვერ ჩაითვლებოდა წარმატებულად, რადგან ის მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულ იმ პირებზე ვრცელდებოდა, რომელთა ხელფასიც წელიწადში 6 ათას ლარს არ აღემატება. ასევე, ის არავითარ შეღავათს არ წარმოადგენდა თვით დასაქმებულებისთვის. ოპოზიციის აზრით, ეს რეგულაცია არ უნდა ამოქმედებულიყო, რადგან, როგორც ვთქვით, ის დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ დაბალშემოსავლიან ნაწილს ეხებოდა და წლის განმავლობაში ერთჯერად სარგებელს იძლეოდა.

დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებისას, ზუსტად ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი ისარგებლებდა ამ ინიციატივის შედეგად მიღებული შეღავათით.

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა 2 003,9 ათას ადამიანს შეადგენდა. მათგან დასაქმებულად 1 712,1 ათასი ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმებულთა 61,3% თვითადასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებოდა და ეს ადამიანები დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულ სამუშაო ძალას, ისინი დასაქმებულთა რაოდენობის 38,7%-ს, შესაბამისად, დაახლოებით 662 600-ს შეადგენდნენ.

საქსტატს 2013 წლის შემდეგ წლებში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის შესახებ მონაცემები განახლებული არ აქვს, შესაბამისად, წლევანდელი მონაცემები უცნობია.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.