დასაქმებულთა უფლებები საქართველოში
ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებების საქართველოში?
საქართველოში დასაქმებულის უფლებები ყველაზე მეტად კერძო კომპანიებში ირღვევა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სსიპ–ებში (საჯარო სამართლის იურიდული სტატუსის მქონე ორგანიზაციები).
გაერთიანებულმა პროფკავშირებმა “შრომით კოდექსში” შესული ცვლილებების კვლევა განახორციელა, რომლის შედეგებსაც პროფკავშირები იქამდე არ ასაჯაროებს, ვიდრე პრეზენტაცია არ წარდგინდება.
პრეზენტაცია კი სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. მანამდე კი, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 50 მდე კომპანია, სადაც 60–65 პროცენტში დარღვევები გამოვლინდა. მისი თქმით, დიდ პრობლემად რჩება მოკლევადიანი ხელშეკრულებების საკითხი. კერძოდ, კომპანიებში თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წილი მოკლევადიანებზე მოდის.
ამის მიზეზად ალექსანდრია, საზოგადოების გაუთვითცნობიერებულობას ასახელებს. მისი თქმით, დასაქმებულებმა არ იციან თავიანთი უფლებები, ანუ ის, რომ მათ აქვთ როგორც გრძელვადიანი, ისე უვადო ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნის უფლება.კვლევის მიხედვით, ერთ–ერთ მთავარ სირთულედ სახელდება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დაწესებული დამატებითი ანაზღურების მიღება. გარდა ამისა, სერიოზულად შელახულია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხი.
ალექსანდრიას ინფორმაციით, იმ კომპანიები, რომლებიც გასცემენ ზეგანაკვეთურს, გასცემენ დაბალი განაკვეთით. მძიმე მდგომარეობაა სამსახურის დათხოვნასთან დაკავშირებით და შედეგად კომპენსაციის მიღების თვალსაზრისითაც. ალექსანდრია აცხადებს, რომ კვლევა იმ ორგანზიაციებში ჩატარდა, სადაც გაეთიანებულ პროფკავშირებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ.
კვლევის შემდეგი ეტაპი და ისეთი ორგანზიაციები იქნებიან, სადაც პროფკავშირები არ არის. კვლევა გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მარტიდან დაიწყო.
გოჩა ალექსანდრია ,,კომერსანტთან” რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად დასაქმებულები კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. მისი ინფორმაციით, მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ რამდენიმე მსხვილ საწარმოში, „ზესტაფონის ფეროში”, „რუსთავის აზოტსა” და ფოთის ტერმინალებშია.
“შრომის კოდექსში” ცვლილებები გასული წლის მაისში განხორციელდა. ცვლილებები უვადო ხელშეკრულებებს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას და დამატებითი შვებულებების თემატიკას ახლებურად აწესრიგებს. გაერთიანებული პროფკავშრები ბოლო წლებია საუბრობენ, რომ დამსაქმებლის მიერ “შრომის კოდექსის” სრულად გათვალისწინება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შრომის ინსპექცია ამოქმედდება. უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა განცხადება. კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვეა გრძელდება.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი მთავრობას გადაეცემა, მის განხილვაში მონაწილეობას სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიიღებენ. შრომის ინსპექციის ასამუშავებლად ერთი მილიონი ლარია საჭირო. უწყება,რომელმაც კომპანიების საქმიანობა და მათი შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა გააკონტროლოს, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტი უკვე მზად არის, თუმცა, მასზემსჯელობა მთავრობას არ დაუწყია.
სავარაუდოდ, პარლამენტი კანონს 2015 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. არსებული კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ჯარიმების დაკისრების უფლებაც ექნება. თუმცა, დარღვევების აღმოჩენისთანავე სანქციები არ დაწესდება, კომპანიას თავდაპირველად მიეცემა რეკომენდაციები და ვადა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, დარღვევების გამეორების შემთხვევაში კი დაჯარიმდება.
ჯარიმების ზუსტი ოდეობა დადგენილი არ არის, ეს შეიძლება განისაზღვროს კომპანიაში არსებული 100 ან 200 მინიმალური ხელფასის ოდენობით, მორიგი დარღვევის შემთხვევაში კისაქმე სასამართლოში წავა.