გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება

Hand giving money - United States Dollars (or USD)

გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულებები

გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.

მაგ: გარდაიცვალა პირი,  რომლის საგადასახადო დავალიანება 10.000 ლარია, ხოლო მისი სამკვიდრო მხოლოდ 5.000 ლარი, მაშინ მემკვიდრეს ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ 5.000 ლარით, ანუ იგი გადაიხდის არა 10.000 ლარს, არამედ მხოლოდ 5.000 ლარს, ხოლო დანარჩენი 5.000 ლარი ჩამოიწერება.

გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

მაგ: თუ  2014 წელს გარდაიცვალა „ა“ , ხოლო ამავე წელს მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მან მიიღო 10.000 ლარის შემოსავალი, მისი მემკვიდრე ვალდებული იქნება გადაიხადოს „ა“-ს საშემოსავლო გადასახადი 10.000 ლარიდან.

გარდაცვლილი პირის მემკვიდრე ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილია გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს არაუგვიანეს 30 დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პირის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო დავალიანების თაობაზე.

გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:

ა) გარდაცვლილ პირს არ ჰყავს მემკვიდრე;

ბ) მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე;

გ) გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.

მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია:

ა) ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს;

ბ)ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ხოლო თუ გარდაცვლილი პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი იყო − დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად;

გ) გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება;

დ) შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებულებები.

მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის/სანქციის თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა;

ბ) გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენოს საგადასახადო ანგარიშგების დროს;

გ) წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (მათ შორის, შესწორებული) გარდაცვლილი პირის საქმიანობის პერიოდზე;

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email