ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილი პირის ვალები?

debt-recovery

ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილი პირის ვალები?

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მხოლოდ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

მაგ: თუ მამკვიდრებელს ჰქონდა 1 მილიონის ღირებულების აქტივები და 1.5 მილიონის ღირებულების ვალდებულებები, მემკვიდრეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მხოლოდ სამკვიდროს აქტივების ფარგლებში, ანუ 1 მილიონის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 500 ათასის ფარგლებში ისინი არ იქნებაინ პასუხისმგებელნი.

მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

სამკვიდროს აღწერა არ არის სავალდებულო, თუმცა მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში, მემკვიდრეს დაეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სამკვიდროს პასივები მეტია სამკვიდროს აქტივებზე.

მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს, თუმცა თუ ვალდებულება ამ მემკვიდრის/მემკვიდრეების წილს აღემატება, მაშინ სხვა მემკვიდრეები ვალდებულები იქნებიან აღნიშნული სხვაობა დაფარონ მათი წილის/წილების პროპორციულად.

მაგ:სამკვიდრო 10.000 ლარია და ორი მემკვიდრე ღებულობს თანაბარ წილს, ხოლო სამკვიდროს პასივები შეადგენს 6.000 ლარს. ასეთ შემთხვევაში თუ მთელი პასივების გადახდა მამკვიდრებელმა ანდერძით ერთ-ერთ მემკვიდრეს დაავალა, იგი თავისი წილიდან – 5.000 ლარიდან ვერ მოახდენს სრულად ვალდებულების შესრულებას, ამიტომაც ნარჩენი ვალდებულება – 1000 ლარი უნდა დაფაროს მეორე მემკვიდრემ.

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წაყენების ვადები

მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

მაგ: მამკვიდრებელმა ისესხა 10.000 ლარი პეტრესგან 3 წლის ვადით და გარდაიცვალა 6 თვეში. ხოლო კრედიტორისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თვის შემდეგ. (ერთი წლის თავზე), ამ მომენტიდან 6 თვის განმავლობაშ მას ექნება ვალის მოთხოვნის უფლება. ხოლო თუ სამი წელი გავიდა ისე, რომ სამკვიდროს გახსნის შესახებ არ იცოდა კრედიტორმა, მაშინ მოთხოვნის დადგომიდან 1 წლის მანძილზე აქვს მას მოთხოვნის უფლება, ხოლო შემდეგ იგი ვეღარ მოითხოვს ვალის დაბრუნებას.

კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნებზე ვრცლდება საერთო ხანდაზმულობის ვადები.

მემკვიდრეების უფლებები

თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

მაგ: ბოლო მაგალითის ფაქტობრივი გარემოების დროს. მოთხოვნის დადგომამდე, სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდგომ 6 თვის განმავლობაში მოითხოვა კრედიტორმა ვალდებულების დაბრუნება, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ 18 თვეში წარმოიშობოდა.

ასეთ ვითარებაში მემკვიდრეს უფლება აქვს მოთხოვნის წარმოშობის მომენტისათვის გადადოს შესრულება, ხოლო ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ხანდაზმულობის ვადები იმოქმედებს, რაც მამკვიდრებლისგან მოთხოვნის დროს იქნებოდა.

მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნა და შემდეგ მემკვიდრეების, იმ ქონებიდან, რაც მემკვიდრემ მიიღო სამკვიდროს სახით.

უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად.

 მემკვიდრეობითი სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის მემკვიდრეობითი სამართლის ფორუმზე.