საკუთრების უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით

get_imgსაკუთრების უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით

წინამდებარე სტატია ეხება ქონების მესაკუთრის მიერ, სასამართლოს მეშვეობით თავისი საკუთრების უფლების დაცვის საშუალებებს.

ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პოლიციის მეშვეობით საკუთრების უფლების ხელყოფისგან დაცვის მექანიზმები შეიზღუდა, თუმცა მესაკუთრე უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაიცვას თავისი საკუთრების უფლება არამართლზომიერი ხელყოფისაგან.

მაგ: „A“ უკანონოდ ცხოვრობს „B“-ს ბინაში, პოლიცია ვერ ახორციელებს გამოსახლებას, „B“ უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს „A“-ს გამოსახლება მისი ბინიდან.

ქონების მესაკუთრის მიერ, სასამართლოს მეშვეობით, თავისი საკუთრების უფლების დაცვის სამოქალაქო- სამართლებრივი საშუალებებია: ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები.

ვინდიკაციური სარჩელი

ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც  მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაცია ეს არის, მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა.

მაგ: ბინიდან გამოსახლება, მოძრავი ნივთის დაბრუნება და ა.შ.

ვინდიკაციის უფლება მანამაა, სანამ ნივთი სახეზეა და არ განადგურებულა. თუკი უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთი მოისპობა, ასეთ შემთხვევაში სარჩელის საფუძველიც შეცვლება და სავინდიკაციო სარჩელის ტრანსფორმაცია მოხდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად.

ვინდიკაციური სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ არსებობს ორი პირობა ერთობლიობაში:

  1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე- უძრავი ნივთის შემთხვევაში დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, მოძრავი ნივთის შემთხვევაში მტკიცება რთულია, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა უტყუარი მტკიცებულებების გამოყენებით.
  1. მოპასუხე – ნივთის მფლობელს(მოპასუხეს) არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება- მაგ: თუ პირი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მესაკუთრესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მას გააჩნია აღნიშნული ბინის მფლობელობის უფლება.

ნეგატორული სარჩელი

როდესაც საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია ხელშემშლელს მოსთხოვოს  მართლსაწინაამღვდეგო მოქმედების აღკვეთა, თუ ამანაც არ გამოიღო შედეგი მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს ნეგატორული სარჩელით.

მაგ: თუ ფარეხის წინ ვინმე დაყრის ნაგავს, ან სამშენებლო მასალას, დააყენებს მანქანას და ა.შ. მაშინ ფარეხის მესაკუთრე იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს მისი ფარეხით სარგებლობისათვის ხელშეშლის აღკვეთა სასამართლოს გზით.