ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კაზინოებზე

 

pj_auto-300x257

ახალი რეგულაციები კაზინოების შესახებ

100 გამოკითხული არასრულწლოვანიდან 67% ადასტურებს, რომ ონლაინ, ან ოფლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მომხმარებელია – ასეთია იმ მცირე კვლევის შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორეგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ჩაატარა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი ექსპერიმენტის შედეგად  კი დადგინდა, რომ ონლაინ კაზინოში რეგისტრაცია 11 ციფრის კომბინაციით (არარსებული, ან სხვა პიროვნების პირადი ნომრით), ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს შეუძლია, კომპანიები კიყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით, ონლაინკაზინოებსა და ტოტალიზატორებს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე სხვა სათამაშო დაწესებულებებს.

გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე ორგანიზაცია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. „ადამიანი კანონი თავისუფლება“ ითხოვს, რომ კანონის არსებული ნორმა შეიცვალოს და აზარტული თამაშობების ორგანიზატორს კლუბში ან სამორინეში ყველა შემსვლელის ასაკობრივი შემოწმება  დაევალოს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა გონივრული ეჭვი ამ ადამიანის შესამოწმებლად.

კერძოდ, ორგანიზაცია კანონიდან იმ წინადადების ამოღებას ითხოვს, რომელიც გულისხმობს, რომ აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით მოთამაშეთა ასაკის შემოწმება, თუარსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ორგანიზაციის წევრის გიორგი მღვდელაძის თქმით, პრობლემაა ონლაინ ანუ ინტერნეტ კაზინოებთან დაკავშირებითაც, რადგან აქ დარეგისტრირებულთა შემოწმების მექნიზმი არ არსებობს. მღვდელაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში თავად კომპანიებმაც უნდა გადაამოწმონ ინტერნეტით დარეგისტრირებული ადამიანი სრულწლოვანია თუ არა, რასაც არ აკეთებენ მათი პირადი ინტერესების გამო.

სწორედ ონლაინკაზინოები მიაჩნია ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილს დღეს მოზარდებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად. მისი თქმით, სანამ არ დაიწყება ამ კუთხით ინტერნეტსივრცის გაკონტროლება, მანამდე პროლემა არ გადაიჭრება.

ლევან შატბერაშვილი აცხადებს, რომ აზარტული თამაშები არასრულწლოვნებზე მძიმე გავლენას ახდენს. მისი თქმით, თბილისში მოზარდების 50% ამ თამაშებშია ჩართული, ამის შესახებ ინფორმაცია კი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, მისი გადაწყვეტა არავის უნდა, რადგანაც ამ სფეროში ბევრი ფულია, ფული კი სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

„ამ ბავშვებს უხარიათ სლოტ კლუბებში თამაში, შემდეგ კი იქ რჩებიან. ეს ყველაფერი მათს ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს, ბევრი გაღარიბებული, უსახლკარო ადამიანი დადის ქვეყანაში ამის გამო“,- აცხადებს შატბერაშვილი.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და სიტუაციას არ ცვლის.

„ასეთ აკრძალვებს არაფერი რეალური არ მოსდევს. საქმე ისაა, რომ ბავშვებს, რომლებიც ამ გასართობ კლუბებში ერთობიან, სხვაგან უნდა ჰქონდეთ სხვანაირად დაკავების საშუალება, ნორმალური ბედნიერი ოჯახები უნდა იყოს ქვეყანაში და ა.შ. როცა რაღაც ლპება მთლიანად, წყლულების მკურნალობას აზრი არ აქვს“,- აცხადებს შატბერაშვილი.

„აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე შეიტანს.

წყარო: commersant.ge