ქონების ლეგალიზაცია
თბილისში 2011 წლამდე მიტაცებული და უკანონოდ დასაკუთრებული ქონების ლეგალიზება მოხდება.
საკრებულომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, 2011 წლამდეუკანონოდ მითვისებული მიწების, მშენებარე შენობა–ნაგებობებისა და ხის ნაგებობების რეგისტრაციაც მოხდება. ამის შესახებ მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
დღემდე საკრებულოს კომისია იხილავდა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც 2007 წლამდე იყო დაფიქსირებული. დღეს, კი ცვლილებებით, ეს დრო ხანგრძლივდება და ეხება 2011 წლამდე დაფიქსირებულ შემთხვევებსაც. მისი თქმით, ამ კანონპროექტის შემუშავებამდე საკრებულო ძირითადად ორი კატეგორიის განცხადებებს იხილავდა – ერთი როდესაც არსებობდა საკუთრება და პირს 2007 წლამდე უნდა ჰქონოდა მომიჯნავე მიწა შემოღობილი და მეორე, როდესაც პირს 2007 წლამდედაურეგისტრირებელ, შემოღობილ მიწაზე აშენებული ჰქონდა კაპიტალური შენობა – ნაგებობა.
ცვლილების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მშენებარე ნაგებობის, ასევე ხის ნაგებობის დარეგისტრირებაც. მაგრამ ეს შენობები უნდა წარმოადგენდეს საცხოვრებელ სახლს და უნდა დასტურდებოდეს, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ და მიწის ნაკვეთის შემთხვევაში კი, რომ მიწის ნაკვეთი მოვლილი უნდა იყოს.
ნაცვლიშვილის განცხადებითვე, კომისიას შემოსული განცხადების გადამოწმების უამრავი მექანიზმი აქვს. ერთი არის ორთო ფოტო, რომლითაც ადგენენ, რომ შენობა–ნაგებობა არსებობდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე; მეორე– კომუნალური გადასახადები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები კონკრეტულ მისამართზე და კონკრეტულ მიწაზე იხდიდნენ კომუნალურ გადასახადს; ასევე არის ფოტოსურათები, მეზობლების თანხმობა და თუ ამან ყველაფერმა კომისია ვერ დაარწმუნა, შემდეგ ისინი ადგილზე გადიან და ათვალიერებენ, როგორც მიწას ისე სახლს.
ხოლო, თუ სახლის ხანდაზმულობაც საეჭვოა, მაშინ უკვე კომისია სახლის ხანდაზმულობაზე ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს. თუკი ეს ვერ მოხერხდება, ეს უკვე შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის ქონების მართვის სამსახურის გადასაწყვეტია, თუ რა ბედი ეწევა ამ მიწებს.
ნაცვლიშვილის განცხადებითვე, დაურეგისტრირებელი ქონების ხანდაზმულობის ვადის 2011 წლამდე გადაწევა თბილისის ურბანული განაშენიანების ხასიათიდან, ასევე სოციალური ფონიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რადგან ეს პრობლემა განსაკუთრებით თბილისშია, რადგან ეს ადამიანები ვერ ეწევიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და მათი მდგომარეობა, მეტნაკლებად რთულია.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, მომართვიანობის მიხედვით ძირითადად უფრო შეჭირვებული ადამიანები მიმართავენ.
პირებს, რომლებსაც აქვთ დაურეგისტრირებელი მიწა და მისი დაკანონება სურთ, ამისათვის უნდა წარადგინონ აზომვითი ნახაზი, ფოტო, მეზობლების თანხმობა და ა.შ. რომელიც არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული და რომელიც თითქმის 20-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აუდიტის მიერ შეფასებული მიწის ფასი. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ის დაკანონების შემთხვევაში, თავისუფლდება გადასახადისგან.
ახალი მოწვევის საკრებულოში მაგალითად უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე აშენებული სახლების შემთხვევაში მიწის დაკანონებაზე 4000 განაცხადია განხილული, ხოლო ამ ეტაპზე 800 განაცხადია შესული, რომელიც ჯერ განხილული არაა. ვადის გადაწევის შემდეგ კი ნაცვლიშვილი გააცხადების რაოდენობის ზრდას ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ხელის მოთბობას ცდილობს და უკვე გაჩნდა ასეთი მიწის ნაკვეთები.
ხოლო იქედან გამომდინარე, რომ თბილისი არაა აგრარული რეგიონი და სხვა ტიპის დასახლებაა, ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლოა მოხდეს დასაკანონებელი მიწის ფართობის ზღვარის დაწესება. ცვლილებების პროექტი მისივე თქმით, გადაიგზავნება პარლამენტში და ასეთი დეტალების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მისივე თქმით, უკვე შემდგომ მოხდება. ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ საგაზაფხულო სესიების დასრულებმადე კანონპროექტი მზად იქნება.
წყარო: კომერსანტი