ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა

Registering_as_self_employed_resizeადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა

მოცემულ სტატიაში განვიხილავთ დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ადმინისტრაციული საჩივრის მარეგულირებელი კანონმდებლობა

ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ზოგადი რეგულაციები მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავში, აღნიშნული რეგულაციები ვრცელდება ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროზე.

მაგ: იგი გამოიყენება სამშენებლო ნებართვების გაცემის, საგადასახადო ურთიერთობების, ბუნების დაცვის და სხვა სფეროებში, თუ უფრო სპეციალური კანონებით, რომელიც ამ სფეროებს არაგულირებს, სხვა რამ არ არის დადგენილი.

admin-ajax.phpადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი

ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.

ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო

თუ კანონმდებლობით, სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც სასამართლოში სარჩელის შეტანის წინაპირობა

სასამართლო არ მიიღებს ადმინისტრაციულ სარჩელს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გამოიყენა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ აძლევს უფლებას დაინტერესებულ პირს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე.