ადმინისტრაციული საჩივარი BLH

Registering_as_self_employed_resizeადმინისტრაციული საჩივარი

დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რეალაქტი.

ადმინისტრაციული საჩივარი  დიდი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირმა დაიცვას საკუთხარი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ იგი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს.

ამავდროულად ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილებას. სასამართლო არ მიიღებს ადმინისტრაციულ სარჩელს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გამოიყენა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ აძლევს უფლებას დაინტერესებულ პირს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე.

ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ზოგადი რეგულაციები მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ)-ის მე-13 თავში. აღნიშნული ნორმები ვრცელდება ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროზე, მაგ: იგი გამოიყენება სამშენებლო ნებართვების გაცემის, საგადასახადო ურთიერთობების, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში, თუ უფრო სპეციალური რეგულაციებით სხვა რამე არ არის დადგენილი.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას, არამედ მის მიზანშეწონილობასაც. შედარებისთვის, სასამართლო მხოლოდ კანონიერების საკითხს ამოწმებს.

დაკავშირებული სტატია: ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა

ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა

ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა

ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;

დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას;

ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე;

დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.

ასეთ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელების შესახებ იღებს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ამავდროულად, თუ ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება, შესაბამის დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების გაგრძელება.

ადმინისტრაციული სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის ადმინისტრაციული სამართლის ფორუმზე.

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email