ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

gift-boxჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

ზოგადი წესის თანახმად, მჩუქებელი არ არის უფლებამოსილი ცალმხრივად მოშალოს ჩუქების ხელშეკრულება და დაიბრუნოს ნაჩუქარი ქონება, თუმცა კანონი განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც გამჩუქებელი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება და მოითხოვოს ჩუქების საგნის დაბრუნება, ერთ-ერთი ასეთი საფუძველია დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი უმადურობა.

ამდენად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ხოლო ჩუქების გაუქმების შემთხვევაში, მჩუქებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს გაჩუქებული ქონება.

წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ფაქტი ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მჩუქებლის.

მძიმე შეურაცხყოფა ან უმადურობა შეიძლება ვლინდებოდეს დასაჩუქრებულის მხრიდან არამართლზომიერ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის წინაამღმდეგ, ასევე განზრახ მოქმედებაში, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას და სხვა ნებისმიერ ქმედებაში, რომელსაც სასამართლო ჩათვლის ასეთად.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. ამ ვადის გასვლის შემდგომ მჩუქებელი ვეღარ შეძლებს ჩუქების გაუქმებასა და ქონების დაბრუნებას.