ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრა

wealth_newsქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრა

მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრასთან დაკავშირებით.

აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც:

სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;

მაგ: ნიკამ იყიდა ავტომობილი 5.000 ლარად და გაყიდა 6.000 ლარად. ნამეტი გამოითვლება გაყიდულ ფასსა და ავტომობილის შესაძენად გადახდილ ფასს შორის სხვაობით. მოცემულ შემთხვევაში ნამეტი იქნება 1000 ლარი.

თუ ხდება ქონების გასხვისება უსასყიდლოდ ან სხვა მსგავსი ფორმით, დასაბეგრი ნამეტი გამოითვლება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის.

მაგ: ნიკას აჩუქეს ავტომობილი, რომლის ღირებულება იყო 5.000 ლარი. მან ავტომობილი გაყიდა 6.000 ლარად. მოცემულ შემთხვევაშიც ნამეტი იქნება 1000 ლარი.

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ:

  • 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
  • საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
  • 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ასევე გარდა ზემოთ მითითებული ორი შემთხვევისა.

აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;

აქტივის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება:

მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან;

მაგ: საგადასახადო მიზნებისათვის, პირი ითვლება ბინის მესაკუთრედ, სამკვიდრო მოწმობის შედგენის თარიღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდა სამკვიდრო მოწმობით გათვალისწინებულ ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მაგ: 2015 წლის 30 ნოემბერს დაიდო ნოტარიულად უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც „ა“-მ შეიძინა ბინაზე საკუთრება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მან დაირეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ბინაზე 2016 წლის 10 მარტს.

ბინის საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადა აითვლება 2015 წლის 30 ნოემბრიდან და არა 2016 წლის 10 მარტიდან.

მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;

მაგ: „ა“  მიწის მესაკუთრეა 2015 წლის 10 იანვრიდან. მან 2015 წლის 10 ივნისს მიწა გაყო შუაზე და დაარეგისტრირა, როგორც ცალკეული უძრავი ქონება, შემდგომ მიწის ერთ-ერთი ნაწილი გაყიდა 2017 წლის მაისში.

მიღებული ნამეტი არ დაიბეგრება, რადგან გაყოფილი მიწების მესაკუთრედ „ა“ ითვლება, არა უძრავი ქონების გაყოფის შედეგად, გაყოფილი ნაკვეთების რეგისტრაციის მომენტიდან, არამედ გაყოფამდე არსებული საკუთრების შეძენის მომენტიდან.

თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

მაგ: მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესაძენად საკმარისია მათი გადაცემა მყიდველისათვის მფლობელობაში, სწორედ ამ მომენტიდან აითვლება 2 წლიანი ვადა, რომლის გასვლისის შემდგომ, ქონების გაყიდვის შემთხვევაში ნამეტი არ იბეგრება.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ კომპანია BLH_ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.