სესხი და ხანდაზმულობა

timelimitსესხი და ხანდაზმულობა

სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

მაგ: ანამ ისესხა ლაშასგან 1000 ლარი 2014 წლის 10 მაისამდე. თუ 10 მაისს ანა არ დააბრუნებს სესხს, მაშინ 11 მაისიდან ლაშას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება და აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ლაშას მოთხოვნა ჩაითვლება ხანდაზმულად 2017 წლის 10 მაისის შემდეგ.

თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

მაგ: ანამ ისესხა გიორგისგან 12.000 ლარი 1 წლის ვადით. მას უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, ასევე პროცენტის სახით 200 ლარი. სულ ყოველთვიურად 1200 ლარი.

ყოველთვიური მოთხოვნის შემთხვევაში ხანდაზმულობა აითვლება დამოუკიდებლად. თუ 2014 წლის მაისის თვის 1200 ლარს არ გადაიხდის ანა, მაშინ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული გახდება 2017 წლის მაისის შემდგომ, ხოლო 2014 წლის სექტემბრის შემთხვევაში- მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის სექტემბრის შემდგომ.

მოთხოვნის ხანდაზმულობას გააჩნია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი- მოთხოვნის მფლობელი არ არის უფლებამოსილი იძულებითი წესით სასამართლოს გზით დაიკმაყოფილის მოთხოვნა, ხოლო თუ მოვალემ ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება.

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

მაგ: ანა ვალდებული იყო გიორგისათვის დაებრუნება 10.000 ლარი 2014 წლის 20 იანვარს, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის იგი ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 1000 ლარის ოდენობით.

ამ შემთხევაში გიორგის სესხის დაბრუნების მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება 2014 წლის 21 იანვრიდან, ანუ მისი მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის 21 იანვრიდან. ასეთ შემთხვევაში ყველა იმ პროცენტის გადახდის მოთხოვნაც ხანდაზმული იქნება, რომლებიც წარმოიშვა ძირითადი ვალდებულების- სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.

თუ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება ვადამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება შეწყვეტის შესაბამისად მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

მაგ: სესხის ხელშეკრულება დაიდო 2 წლით და ვადამდე შეწყდა 1 წლის გასვლის შემდგომ, რადგან მსესხებელი არ იხდიდა პროცენტებს.. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა დაიწყება, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ათი წელია. ანუ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება მოსარჩლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 წლის განმავლობაში.